კავკასიური ფუტკარი

   ფუტკარი, რომელსაც ხშირად ქართულ ფუტკრადაც მოიხსენიებენ, სინამდვილეში კავკასიური მთის რუხი ფუტკარია. ევროპული, რუსული თუ ამერიკული ფუტკრისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული. მთავარი განსხვავება და მახასიათებელი კავკასიური ფუტკრის ხორთუმის სიგრძეა. სხვებთან შედარებით 0.2 მმ-ით გრძელი ხორთუმის გამო ის ყვავილის ბუტკოს ძირს ადვილად წვდება და იღებს ნექტარს იქიდან, სადაც სხვები ვერ წვდებიან. ამიტომ ყველაზე მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. ამას გარდა, კავკასიური ფუტკარი ყველაზე მშვიდობიანია, მეფუტკრეს მშვიდად, სიხარულით ეგებება. თავდაცვისა და თავდასხმის დრო ზუსტად იცის, გრძნობს ვინ მტერია და ვინ მოყვარე. მეფუტკრეს თითქმის არასდროს ერჩის.

bee

კავკასიური მურა დათვი

  აჭარაში ადამიანების სამოსახლო ტერიტორია გაცილებით მეტადაა შეჭრილი დათვის საცხოვრებელ გარემოში, ვიდრე სადმე სხვაგან საქართველოში. როგორც კი ეზო მთავრდება, იქვე იწყება ტყეები. კარმიდამო იმდენადაა შერწყმული ველურ ბუნებასთან, დათვისთვის ადამიანთან მიახლოება ძნელი სულაც არაა. ამიტომ ხშირად ხდება მათ შორის კონფლიქტიც. დათვი ხშირად ურბევთ ყანებს, სკებს. აჭარა დათვისთვის საკვებით უხვი ტერიტორირიაა. დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, არსებული მონაცემებით, აქ დათვების რაოდენობაც უფრო მეტია. ამას ხელს ტყის პროდუქტიულობა, კლიმატი და ასევე ის უწყობს ხელს, რომ აჭარის პოპულაცია შერწყმულია თურქეთის ტყის პოპულაციასთან რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერის გარეშე.

შველი

   გრძელ და წვრილფეხება შველს ტანიც მსუბუქი და მოხდენილი აქვს, კუდი კი პატარა და მოკლე. წელიწადის სხვადასხვა დროს მისი ბეწვის შეფერილობაც სხვადასხვაა. ივნისში საგაზაფხულო განგურის, ბეწვის ცვლის შემდეგ მოწითალო შეფერილობა აქვთ. ოქტომბრის ბოლოდან კი მთელი ზამთრის და გაზაფხულის განმავლობაში რუხი ბეწვი აქვთ. შვლის ნუკრებს სხეულზე ლამაზი, ღია ფერის ხალები აქვთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი თანდათან უქრებათ. საქართველოში შველი ნაკრძალებშიც გვხვდება, დაცულ ტერიტორიებზეც და ბუნებაშიც. გადაშენების პირას არაა, მაგრამ არც ისე ბევრი დარჩა ბუნებაში. ყველაზე მეტი შველი კი მაინც აჭარაშია, სადაც შვლებს ნაკლებად ერჩიან, ამბობენ, რომ ის “მუჰამედმა დალოცა”.