კავკასიური ფუტკარი – (ლათ. Apis mellifera caucasia)

ფუტკარი, რომელსაც ხშირად ქართულ ფუტკრადაც მოიხსენიებენ, სინამდვილეში კავკასიური მთის რუხი ფუტკარია. ევროპული, რუსული თუ ამერიკული ფუტკრისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული. მთავარი განსხვავება და მახასიათებელი კავკასიური ფუტკრის ხორთუმის სიგრძეა. სხვებთან შედარებით 0.2 მმ-ით გრძელი ხორთუმის გამო ის ყვავილის ბუტკოს ძირს ადვილად წვდება და იღებს ნექტარს იქიდან, სადაც სხვები ვერ წვდებიან. ამიტომ ყველაზე მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. ამას გარდა, კავკასიური ფუტკარი ყველაზე მშვიდობიანია, მეფუტკრეს მშვიდად, სიხარულით ეგებება.
თავდაცვისა და თავდასხმის დრო ზუსტად იცის, გრძნობს ვინ მტერია და ვინ მოყვარე. მეფუტკრეს თითქმის არასდროს ერჩის.
ყველაზე შრომისმოყვარეა – მზის პირველი სხვის დანახვისთანავე იწყებს შრომას და დაბინდებამდე არ ჩერდება. ბევრ პროდუქტს აგროვებს – მტვერი, დინდგელი… თუკი მეფუტკრემაც იცის სწორად როგორ მოექცეს და დადგენილ ვადაში ყველა წესს დაიცავს, კავკასიური ფუტკარი სხვებთან შედარებით გაცილებით მეტ თაფლს მისცემს.

კავკასიურ ფუტკარს მსოფლიოში საკმაოდ იცნობენ, გამორჩეული თვისებების, შრომისმოყვარეობისა და სიმშვიდის გარდა, ცნობილია იმითაც, რომ ზამთარს სხვებზე ადვილად უძლებს. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ხშირად წვიმს და ცუდი ამინდია. მათ ძალიან ცუდ ამინდშიც შეუძლიათ იფრინონ. ეს მაშინ, როდესაც სხვა სახეობის ფუტკრები, რომლებსაც ასევე იყენებენ მეფუტკრეობაში, საერთოდ ვერ დაფრინავენ. თანაც, მას უფრო გრძელი ხორთუმი აქვს და ნექტრის ამოღება ისეთი ყვავილებიდანაც შეუძლია, რომლებსაც ის საკმაოდ ღრმად აქვს და სხვა ფუტკრები ამას ვერ ახერხებენ.
თუმცა კავკასიურ ფუტკარს ცუდი თვისებებიც აქვს. ღალიანობისას, როცა მცენარე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნექტარს იძლევა, ფუტკარიც განსაკუთებით ბევრ თაფლს აკეთებს. ამ დროს მეფუტკრეები სკაში სართულებს ამატებენ. სხვა ფუტკრებს ქვემოთ დალაგებული თაფლი ზემოთ ააქვთ, რომ ქვემოთ ბარტყებს ადგილი გაუთავისუფლონ. მაგრამ კავკასიური ფუტკარი თაფლსაც კვერცხებთან ერთად ალაგებს, სანამ ძალიან არ შევიწროვდება, თაფლი ზემოთ არ ააქვს. ეს კი ფუტკრის გამრავლებას უშლის ხელს.

