ამბავი

ფილმი ზღაპარი “ჯარა” ერთწლიანი მოგზაურობაა აჭარის ველურ ბუნებაში.
ტყეში ჩამოკიდებული ჯარადან ფუტკრების დანახული ბუნების მშვენიერება და უმოწყალობა; ადამიანები, მათი ჩარევა, მათთან მშვიდობიანი თანაარსებობა და კონფლიქტი. ცხოვრება ერთმანეთის სასარგებლოდ და საზიანოდ, ფუტკრის შრომა, მტაცებლების შიში. მენახირეები, დათვები, ადგილობრივი მეფუტკრეების ცხოვრება და სოფლის დღეები. ამბები სოფლებიდან, სადაც ძნელია გაიგო სად გადის ზღვარი ადამიანების საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის.
ფილმი მოგიყვებათ გადარჩენისა და კეთილდღეობისთვის ადამიანებისა თუ ცხოველების ყოველდღიური ბრძოლის შესახებ. სიზმარი აჭარის შესახებ – მარტივი ასახდენია, თქვენ მხოლოდ ჯარას გზას უნდა მიჰყვეთ, ნახოთ სად ცოცხლობს უძველესი ტრადიცია, სად იშლება ჩვენს წარმოდგენებში არსებული საზღვრები.
რატომ აჭარა?
აჭარის რეგიონი გამორჩეულად მრავალფეროვანია. ესაა ადგილი, რომელმაც გამყინვარებას “გაუძლო”, შემოინახა ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლები. მათი უმეტესობა დედამიწის არც ერთ სხვა კუთხეში აღარ გვხვდება, ან უკვე იმდენად მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი, რომ განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. სწორედ ამიტომ აჭარას ხშირად “ბუნების მუზეუმსაც” უწოდებენ.
გამყინვარების პერიოდებში, როდესაც პლანეტაზე ტემპერატურა ეცემა, კლიმატი მშრალი და ცივი ხდება, ბიომრავალფეროვნების ნაწილის გადარჩენა მხოლოდ ისეთ ადგილებშია შესაძლებელი, სადაც კლიმატი გარკვეული პირობების გამო შედარებით რბილი რჩება. სწორედ ასეთია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, რომელსაც აჭარის რეფუგიუმს უწოდებენ, ტერიტორია, რომელსაც თითქმის ტროპიკული კლიმატი და ძალიან მაღალი ტენიანობა ახასიათებს.
როდესაც დედამიწაზე გამყინვარება და შესაბამისად კლიმატის გამშრალება მოხდა, ევრაზიის ტყეების უდიდესი ნაწილი სულ გაქრა, გაიზარდა უდაბნოების რაოდენობა. შესაბამისად, სახეობებისთვის, რომლებიც მანამდე ამ ტყეებში ან პირიქით, გაფანტულად ცხოვრობდნენ, საარსებო არეალი შემცირდა და მხოლოდ აჭარასა და მის მსგავს რეფუგიუმებში მოახერხეს გადარჩენა. მას შემდეგ კი, რაც დათბობა დაიწყო და ტყის მასივები გაიზარდა,ზოგიერთი სახეობა სწორედ აქედან გავრცელდა დანარჩენ ტერიტორიებზე, რომლებიც მანამდე ყინულით იყო დაფარული. თუმცა ბევრი მათგანი ისევ მხოლოდ კოლხურ რეფუგიუმში, კონკრეტულად კი აჭარისა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება. ამიტომაა აქ ამდენი ენდემური, მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი სახეობა. აჭარის ტყემ ეს ფუნქცია მისი განსაკუთრებულად მაღალი ტენიანობის გამო შეასრულა.
აჭარის სანაპირო ზოლს მიუყვება “ბათუმის ძაბრიც” (Batumi Bottleneck) – მსოფლიოში სიდიდითა და მნიშვნელობით მესამე – ფრინველების გადაფრენის დერეფანი.
გაზაფხულსა და შემოდგომაზე მილიონობით ფრინველი გადაუფრენს აჭარის სანაპიროს. მასთანაა შერწყმული არაერთი ტრადიცია და ადათ-წესი. მაგალითად, ბაზიერობის ტრადიცია. ყოველ წელს ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად აქ მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდის და აკეთებს აღმოჩენას, რომ ეს ე.წ. “ბერდვოჩერებისთვის” – ფრინველებზე დამკვირვებელი ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
აქ 360-მდე სახეობის ფრინველის ნახვა შეიძლება, მათგან 3 ენდემურია, სხვაგან მათი ნახვა შეუძლებელია. 20-მდე სახეობა კი გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათია, თუმცა აჭარაში მათი ბუნებაში ნახვა ჯერ კიდევ ადვილია. ფრინველებზე დამკვირვებელ მოყვარულ ტურისტებს კავკასიაში ყველაზე მეტად კავკასიური როჭო იზიდავს.
კავკასიის ბიომრავალფეროვნება – 34 “ცხელი წერტილიდან” ერთ-ერთი
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და მისი განადგურების საფრთხის მიხედვით, დღეს მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების 34 „ცხელ წერტილს“ გამოყოფენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს “წერტილები” ბიოლოგიურად განსაკუთრებით მდიდარია, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს ტერიტორია სწორედ ასეთ ცხელ წერტილებში შედის. კერძოდ, კავკასიის (საქართველოს უმეტესი ნაწილი) და ირან-ანატოლის (სამხრეთ საქართველო) რეგიონები.
როგორც ზოგადად მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბიომრავალფეროვნების ძირითადი საფრთხეები სახეობების საცხოვრებელი გარემოს შემცირება, გაუარესებაა. ამის მთავარი მიზეზი კი ძირითადად, ტყეების განადგურებაა, ასევე ბიოლოგიური რესურსების ჭარბი ან არალეგალური მოპოვება – ნადირობა, თევზჭერა, ტყის კაფვა, ანდა გარემოს დაბინძურება.