
აჭარის ბიომრავალფეროვნება – მცენარეები
აჭარის მთები ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მაგ. მთა მტირალა და მტირალას ეროვნული პარკი ყოროლიწყლისა და ჩაქვისწყლის აუზებთან ერთად არის ტერიტორია, რომელსაც აქვს ნალექების მაქსიმუმი პრაქტიკულად მთელ ევროპასა და დასავლეთ აზიაში. აქ ნალექების რაოდენობა წელიწადში 4000 მმ-საც კი აღწევს. ეს რაოდენობა ჩვეულებრივია ეკვატორიალური ტყეებისთვის, ბრაზილიისთვის, ამაზონიისა თუ დასავლეთ აფრიკისთვის, მაგრამ ზომიერი კლიმატისთვის ძალზე უჩვეულოა. ტენის ასეთი რაოდენობა წარმოშობს იმ უზარმაზარ ტყეებს, რომლებსაც ზომიერი კლიმატის “წვიმის ტყეებს” (Temperate Rainforests) უწოდებენ. აქ ტყე ძლიერია – დიდი უზარმაზარი ხეებითა და უამრავი ენდემური სახეობით. მცენარები, მწერები, ფრინველები, ცხოველები, ზოგი სახეობა ჯერაც არაა ბოლომდე აღწერილი. ის სახეობები კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად მთელი კავკასიის ტყიან ნაწილებში გვხვდება, აჭარაში ყველაზე მრავლადაა შემორჩენილი. განსაკუთრებით სუბტროპიკული, მარადმწვანე სახეობები.
ამ განუმეორებელ ტყეებში უნიკალურ სახეობებზე დაკვირვებასთან ერთად ტურისტებს შეუძლიათ ნახონ ველური ბუნების წარმომადგენლებისა და ადამიანების თანაცხოვრების უჩვეულო მაგალითები. აჭარა ის ადგილია, სადაც ძნელია გაარკვიო სად გადის მათ შორის ზღვარი, სად მთავრდება ერთის გარემო და სად იწყება – მეორის. აქ თითოეული ტრადიცია, ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა წეს-ჩვეულება ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრების, თანაარსებობისა და დაბალანსებული ურთიერთქმედების მაგალითია.
თანაც ეს გარემო თითოეული მათგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სულ მცირე ცვლილება და არასწორი ჩარევაც კი მათთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. მაგალითად ცხოველები, აქ ძირითადად, პატარა, ნაკლებად მოძრავი სახეობები გვხვდება, რომლებსაც მხოლოდ ადგილობრივ ეკოლოგიურ პორობებში შეუძლიათ ცხოვრება.
ასეთია კავკასიური სალამანდრა, გოდერძის ლოკოკინა, მცირეაზიული მემინდვრია, წითელმუცელა ხვლიკი, კავკასიური წყლის ბიგა.
გოდერძის ლოკოკინა (ლათ. Helix Goderdziana) მსოფლიოში ყველაზე დიდი არატროპიკული სახეობაა. მისი ნიჟარის დიამეტრი 7 სმ-ს აღწევს. და მხოლოდ აჭარაში და თურქეთის მცირე კავკასიონზე ცხოვრობს. ძალიან ტენიანი და თბილი გარემო სჭირდება, წყაროების, პატარა ნაკადულების გასწვრივ რომ მშვიდად იცხოვროს. თუმცა შეზღუდული რაოდენობის და გავრცელების ვიწრო არეალის გამო საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
მცირეაზიული მემინდვრია (ლათ. Chionomys roberti ) ზაზუნას ჰგავს, მოკლე კუდი და მოკლე სახე აქვს, ისიც წყაროების გასწვრივ ცხოვრობს.
აქვეა კავკასიური წყლის ბიგაც (ლათ. neomys teres) მწერიჭამია, პატარა მტაცებელი, რომელიც წყაროების ნაპირას ცხოვრობს, დარბის, და შედის წყლის ფსკერზეც. აქვე შეხვდებით წითელმუცელა (Darevskia Parula ) და თურქულ ხვლიკებსაც (Darevskia clarkorum)
ტენიანი ტყის გარემოზეა დამოკიდებული კავკასიური გველგესლაც (ლათ. Vipera kaznakovi) – მხოლოდ დიდ კავკასიონზე და დასავლეთ საქართველოში
გავრცელებული სახეობა. შოკოლადისფერი სხეულზე მოწითალო, ალისფერი ზოლი გასდევს, უკვე საკმაოდ იშვიათი სახეობა ადამიანისთვის ისედაც არაა საშიში. მისი ნაკბენი სახიფათო სულაც არაა.
აჭარა მცენარეული სახეობებითაც განსაკუთრებით მდიდარია: წაბლი, როდოდენდრონები, მათ შორის ორი უნიკალური სახეობა, ბზა, ბაძგი და სხვა მარადმწვანე მცენარეების სახეობები კავკასიის დანარჩენ ტერიტორიებთან შედარებით, აქ თვალშისაცემად ბევრია.
როდოდენდრონები
როდოდენდრონები მცენარეების ჯგუფია, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტენიან, არატროპიკულ ტყეებს უკავშირდება. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და ნაწილობრივ ევროპაში, სადაც სულ ორი ასეთი სახეობაა. როდოდენდრონები რელიქტური სახეობებია – ანუ შორეული წარსულიდან შემორჩენილი. 10-20 მილიონი წლის წინ ისინი მთელ ევრაზიასა და ჩრდილო ამერიკაში იყო გავრცელებული, მაგრამ გამყინვარების შემდეგ მათი არეალები გაწყდა, გაიყო და ისინი რამდენიმე ადგილასღა შემორჩნენ – კავკასია, ამერიკული კასკადები და აპალაჩები, აღმოსავლეთ ჩინეთი, ჰიმალაები, იაპონია.
Temperate Rainforest რუკას რომ დავხედოთ, დავინახავთ სადაა მსგავსი ადგილები, რომლებმაც გამყინვარების პერიოდში სახეობები და ბიომრავალფეროვნება გადაარჩინა, შეინახა და შეინარჩუნა. ასეთი რეფუგიუმების ცენტრი სწორედ საქართველო – თურქეთის საზღვარი – კოლხური რეფუგიუმის ცენტრი – აჭარაა.

რუკა – Temperate Rainforests
საქართველოში როდოდენდრონების ხუთი სახეობაა გავრცელებული: დეკა, შქერი, იელი, სმირნოვისა და უნგერნის როდოდენდრონები. საინტერესოა, რომ ამ ხუთი სახეობიდან არც ერთი არაა ერთმანეთის ახლო ნათესავი და მათ ყველას თავისი წინაპარი სხვადასხვა რეგიონში ჰყავს.
დეკა – (ლათ. Rhododendron caucasicum)
მარადმწვანე, დაბალი ბუჩქია. იზრდება იაპონიაში და შორეულ აღმოსავლეთში, მისი ყველაზე ახლო ნათესავი ტაიგაშია, ტაიგასა და კავკასიას შორის კი უზარმაზარი აზიის ტერიტორიაზე მსგავსი სახეობა არსადაა.
დეკას მოგრძო, ზარის მსგავსი მოყვანილობის, თეთრი და მოყვითალო-მოვარდისფრო ყვავილები აქვს. ძირითადად კავკასიის ალპურ და სუბალპურ სარტყელში გვხვდება, ჩრდილოეთ კალთებზე ხშირ რაყას – დეკიანს ქმნის და მისი შემჩნევა მთაში მიმავალისთვის ადვილია. ზღვის დონიდან 1600-3000 მ-მდე. არის პონტოს მთებშიც – თურქეთში.
შქერი – (ლათ. Rhododendron ponticum) მარადმწვანე, მაღალი ტყის მცენარეა, ლანცეტა ფოთლები და საკმაოდ ლამაზი, მოიისფრო, მოწითალო ყვავილები აქვს. ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ქვეტყედ იზრდება, ზღვის დონიდან 1800 მ-მდე სიმაღლეზე, ფოთლოვან ტყეებში. ხშირად ქმნის თავისებურ ბუჩქნარს – შქერიანს. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ბრიტანეთსა და ევროპის ნაწილში შემოყვანილია როგორც ბაღის მცენარე და შემდეგაა გავრცელებული, ძირითადად მაინც როგორც დეკორატიული მცენარე.
იელი – (ლათ. Rhododendron luteum)
იელს დიდი, სურნელოვანი დაწინწკლული ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები აქვს. ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, თუმცა დასავლეთში, კოლხეთში განსაკუთრებით. ტყისპირებზე, 2 000 მ სიმაღლემდე იზრდება და ბუჩქნარს – იელიანს ქმნის. მისი უახლოესი ნათესავი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. ყვავილობისას წითლად კაშკაშებს, დეკორატიულ მებაღეობაში ცნობილი სახეობაა და ხშირადაც იყენებენ, ბევრი ჰიბრიდული ჯიშიცაა შექმნილი.
თუმცა სწორედ როდოდენდრონის ამ სახეობას, იელს უკავშირდება “შხამიანი თაფლის” ამბავიც. “შხამიანი”, “მაწყენარა”, “მათრობელა” – ამ სახელებს უწოდებენ ადგილობრივები თაფლს, რომელშიც იელის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნექტარი მოხვდა. ნექტარი, რომელიც ბუნებრივ ნევროტოქსინებს შეიცავს, ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, გასინჯვის შემდეგ, მალევე მისი ქცევა არაადეკვატური ხდება, ეწყება ეიფორია და ზოგჯერ ჰალუცინაციებიც აქვს. თუმცა “შეშლილი თაფლი” მომწამვლელი არ არის. ბევრი სითხე და მარტივი კუჭის გამორეცხვები ადამიანს ჩვეულებრივ მდგომარეობას მალევე უბრუნებს.
უნგერნისა ( ლათ. Rhododendron ungernii) და სმირნოვის როდოდენდრონებს ( ლათ. Rhododendron smirnowii ) კი უახლოესი ნათესავები ინდოჩინეთში ჰყავს. თანაც სახეობები, რომლებიც მათ ცალცალკე უკავშირდება და არა ორივეს ერთად. მათი ნათესავი შქერიც კი არაა. უნგერნს შქერისგან განსხვავებით ხავერდოვანი, დაჯგუფებული თეთრი და მუქი ყავისფერი ყვავილები აქვს, სმირნოვს კი ლამაზი, მოგრძო ფოთლები და ღია ფერის, მოიისფრო მოვარდისფრო ყვავილები აქვს.
მნიშვნელოვანი სახეობაა წაბლიც (ლათ. Castanea), რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი სახეობაა. ცნობილია, რომ იტალიასა და სამხრეთ ევროპაში წაბლი სწორედ კოლხეთიდანაა წაღებული და გაველურებული ან გამოყენებული როგორც კულტურული ხე.
თუმცა დღეს მეცნიერები წაბლის მდგომარეობას აფასებენ, როგორც “მოწყვლადს”, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც წაბლს საქართველოში პარაზიტი სოკო ემუქრება. ამავე პარაზიტმა მე-19 საუკუნეში ჩრდილო ამერიკის
აღმოსავლეთში წაბლი მთლიანად გაანადგურა. სოკო მის ზედა ტოტებს ახმობს და რამდენიმე წლის მერე ხე მთლიანად იღუპება. წაბლის მერქანი ძალიან ძვირი რირს ამიტომ მის მიმართ არალეგალური ინტერესიც დიდია. ბევრი არაკეთილსინდისიერი მეტყევე ცდილობს დაავადების მიზეზით რაც შეიძლება მეტი წაბლი მოჭრას და გასაყიდად საზღვარგარეთ გაიტანოს.
საქართველოს გარშემო წაბლის ასეთი და ამხელა ტყე აღარსადაა შემორჩენილი. ამას ხელი იმან შეუწყო, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში ის საქართველო წითელ ნუსხაში შევიდა.
წაბლის თაფლი ერთ-ერთი გამორჩეულია. აჭარის სხვადასხვა ნაწილში, ქობულეთი იქნება ეს, ხულო თუ ქედა, უშუალოდ წაბლის თაფლიც კი ერთმანეთისგან განსხვავდება. თუკი მაგალითად, ქობულეთში წაბლის ყვავილობა ერთ თვეში მთავრდება, ხულოში ის თითქმის ორ თვეს გრძელდება, ფუტკარი ჯერ ქვედა, დაბალ სარტყელში იწყებს ნექტრის შეგროვებას, შემდეგ ზემოთ ადის, ყოველ სარტყელში მას სხვადასხვა ყვავილის მტვერი აქვს და არომატიც კომბინირებული და გამორჩეულია. ამიტომ კლიმატური სარტყელის ცვლილებასთან ერთად, წაბლის თაფლის არომატიც იცვლება.
კოლხური ტყეები
დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის დაუჭაობებელ ნაწილში კოლხური ტყის ნარჩენები ჯერ კიდევ არის. ძირითადად, მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი, იმერეთის ხეშავი, კოლხური ჯონჯოლი, ბზა, ლაფანი, ძელქვა. გავრცელებულია მარადმწვანე ბუჩქები და ლიანებიც.
დაჭაობებულ დაბლობზე კი ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus barbata), ლაფნარები (Petocarya pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები (Castanea sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).
კოლხური ტყის ნაწილია სოჭი და ნაძვიც. ოღონდ თუკი ევროპაში გავრცელებულია ჩვეულებრივი ნაძვი ( ლათ. Picea abies), კოლხეთში აღმოსავლური ნაძვი ( ლათ. Picea orientalis) გვხვდება. ევროპული სოჭის (ლათ. abies alba ) ნაცვლადაც, ჩვენთან კავკასიური, ნორდმანის სოჭი (ლათ. Abies nordmanniana) ხარობს.
კავკასიურ ნაძვსა და სოჭს ევროპული, მსგავსი სახეობებისგან 18 მილიონი წელი ჰყოფს: ამ ხნის განმავლობაში ეს ორი სახეობა ევროპელი და აზიელი ნათესავებისგან იზოლირებულად ვითარდებოდა. კავკასიურ სოჭსა და აღმოსავლურ ნაძვს მაღალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა სჭირდებათ გასახარებლად, ამიტომ მათ ძირითადად მაღალმთიანეთში ვხვდებით. თუკი თრიალეთის ქედის გასწვრივ დასავლეთიდან თბილისამდე ნაძვის კორომების ნახვა შესაძლებელია, სოჭის უახლოესი კორომი თბილისიდან მოშორებით, ატენის ხეობასთან წყდება.
მთიან აჭარაში ორივე მათგანს ხელსაყრელი გარემო აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნაძვი სამეურნეო საქმიანობისთვის აქტიურად იჭრება. საინტერესოა, რომ რაც უფრო შორსაა ადამიანის უახლოესი დასახლება, მით უფრო ფართოა ამ ხეების დიამეტრი. ასევე, ძლიერი დაქანების ფერდობებზე, სადაც მათი მოჭრა ძნელია, თუმცა კი იქ ისინი უფრო ნელაც იზრდებიან.