ადამიანები, რომლებიც იმ ლანდშაპტში ცხოვრობენ რომელიც ფილმშია ასახული.
წლების გამოცდილება და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ეხმარება მათ გადარჩენაში და ამ ბუნებასთან თანაცხოვრებაში.
ფუტკარი, რომელსაც ხშირად ქართულ ფუტკრადაც მოიხსენიებენ, სინამდვილეში კავკასიური მთის რუხი ფუტკარია. ევროპული, რუსული თუ ამერიკული ფუტკრისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული. მთავარი განსხვავება და მახასიათებელი კავკასიური ფუტკრის ხორთუმის სიგრძეა. სხვებთან შედარებით 0.2 მმ-ით გრძელი ხორთუმის გამო ის ყვავილის ბუტკოს ძირს ადვილად წვდება და იღებს ნექტარს იქიდან, სადაც სხვები ვერ წვდებიან. ამიტომ ყველაზე მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. ამას გარდა, კავკასიური ფუტკარი ყველაზე მშვიდობიანია, მეფუტკრეს მშვიდად, სიხარულით ეგებება. თავდაცვისა და თავდასხმის დრო ზუსტად იცის, გრძნობს ვინ მტერია და ვინ მოყვარე. მეფუტკრეს თითქმის არასდროს ერჩის.
ჯარა – ტრადიციული ქართული სკაა. “ფუტკრის მოშინაურების” ერთ-ერთი უძველესი და პირველყოფილი გზა. თანამედროვე, მარტივად მოსახმარი და სამართავი სკების გვერდით, მის პარალელურად აჭარაში “ჯარაც” განაგრძობს არსებობას. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ბუნებრივად არსებობს გარეული ფუტკრის დიდი პოპულაცია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეები იყენებენ.
მაისის თაფლი – მაისის თაფლიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან აჭარის სხვადასხვა ნაწილში. თუკი მაისში სხვაგან მხოლოდ აკაცია ყვავის, მაგალითად ქობულეთში ამას ციტრუსის ყვავილობაც ემთხვევა. აკაციის არომატს ციტრუსიც ემატება. და ასე ყველა სარტყელში სხვადასხვანაირად, სიმაღლის ცვლილების შესაბამისად.
წყალხმელეთა, კუდიანი ამფიბია კავკასიური სალამანდრა მხოლოდ მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, საქართველოსა და თურქეთში გვხვდება. საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სახეობა მისი გავრცელების ასეთი ვიწრო არეალის და საცხოვრებლის მიმართ სპეციფიკური ეკოლოგიური მოთხოვნების გამო. ნახავთ აჭარა-იმერეთის ქედზე და თრიალეთის ქედის უკიდურეს დასავლეთსი, ბორჯომის ხეობაში, საირმეში, მცირე აზიაშიც.
აჭარაში ადამიანების სამოსახლო ტერიტორია გაცილებით მეტადაა შეჭრილი დათვის საცხოვრებელ გარემოში, ვიდრე სადმე სხვაგან საქართველოში. როგორც კი ეზო მთავრდება, იქვე იწყება ტყეები. კარმიდამო იმდენადაა შერწყმული ველურ ბუნებასთან, დათვისთვის ადამიანთან მიახლოება ძნელი სულაც არაა. ამიტომ ხშირად ხდება მათ შორის კონფლიქტიც. დათვი ხშირად ურბევთ ყანებს, სკებს. აჭარა დათვისთვის საკვებით უხვი ტერიტორირიაა. დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, არსებული მონაცემებით, აქ დათვების რაოდენობაც უფრო მეტია. ამას ხელს ტყის პროდუქტიულობა, კლიმატი და ასევე ის უწყობს ხელს, რომ აჭარის პოპულაცია შერწყმულია თურქეთის ტყის პოპულაციასთან რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერის გარეშე.
გრძელ და წვრილფეხება შველს ტანიც მსუბუქი და მოხდენილი აქვს, კუდი კი პატარა და მოკლე. წელიწადის სხვადასხვა დროს მისი ბეწვის შეფერილობაც სხვადასხვაა. ივნისში საგაზაფხულო განგურის, ბეწვის ცვლის შემდეგ მოწითალო შეფერილობა აქვთ. ოქტომბრის ბოლოდან კი მთელი ზამთრის და გაზაფხულის განმავლობაში რუხი ბეწვი აქვთ. შვლის ნუკრებს სხეულზე ლამაზი, ღია ფერის ხალები აქვთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი თანდათან უქრებათ. საქართველოში შველი ნაკრძალებშიც გვხვდება, დაცულ ტერიტორიებზეც და ბუნებაშიც. გადაშენების პირას არაა, მაგრამ არც ისე ბევრი დარჩა ბუნებაში. ყველაზე მეტი შველი კი მაინც აჭარაშია, სადაც შვლებს ნაკლებად ერჩიან, ამბობენ, რომ ის “მუჰამედმა დალოცა”.
მთაში თუ ქათმის ფორმის შავი ფერის ფრინველს წააწყდით, რომელსაც აშკარად წითელი წარბები აქვს, ეს აუცილებლად მამალი კავკასიური როჭოა. ის კავკასიის ენდემური სახეობაა, რაც იმას ნიშავს, რომ დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში, სწორედაც მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობს. მისი მთლიანი რაოდენობის და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი კი საქართველოს ტერიტორიაზეა. გამორიცხული არაა, როჭომ უახლოეს 20-30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახოებების – ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და ჩვენი ფაუნის სხვა წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს.