კავკასიური როჭო – ( ლათ. Tetrao mlokosiewiczi)

მთაში თუ ქათმის ფორმის შავი ფერის ფრინველს წააწყდით, რომელსაც აშკარად წითელი წარბები აქვს, ეს აუცილებლად მამალი კავკასიური როჭოა.
ის კავკასიის ენდემური სახეობაა, რაც იმას ნიშავს, რომ დედამიწის ძალიან მცირე ნაწილში, სწორედაც მხოლოდ კავკასიის მთებში ბინადრობს. მისი მთლიანი რაოდენობის და გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი კი საქართველოს ტერიტორიაზეა. გამორიცხული არაა, როჭომ უახლოეს 20-30 წელიწადში უკვე თითქმის გადაშენებული სახოებების – ლეოპარდის, ქურციკის, აფთრის, გავაზის და ჩვენი ფაუნის სხვა წარმომადგენლების ბედი გაიზიაროს.
როჭოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბინადრო ადგილებია დეკას ბუჩქნარები, სუბალპური ტყის ზოლი, არყნარები და მათ შორის არსებული მინდვრები. ასეთი ადგილები საქართველოში დიდი კავკასიონის მთელ გაყოლებაზეა: აფხაზეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამაჩაბლოში, ხევში, ხევსურეთში, თუშეთსა და კახეთის კავკასიონზე. მისი საბინადრო ადგილები მცირე კავკასიონზეცაა, თუმცა აქ მისი გავრცელების შესახებ შედარებით მცირე ინფორმაცია არსებობს და თან ეს ადგილები უფრო ფრაგმენტირებულია.
მცირე კავკსაიონზე როჭოს ნახვა შეიძლება მესხეთისა და აჭარის მთებში, ბორჯომ-ხარაგაულის რაიონსა და თრიალეთის ქედის ზოგიერთ ნაწილში. არსებული მონაცემებით, როჭო ყველზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხისა და ყვარლის მთებში, ყაზბეგსა და მთიან რაჭაში. ამიტომ კავკასიური როჭოს ნახვის ყველაზე დიდი ალბათობა სწორედ ამ ადგილებშია.

მათი შემჩნევა ყველაზე ადვილი ადრეულ გაზაფხულზეა, როცა როჭოები შეწყვილებისთვის მზადებას იწყებენ. აღმოსავლეთის და სამხრეთის თბილ ფერდობებზე. ანდა შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში ტიხტიხის იმიტაციისას, როდესაც საქორწინო რიტუალებს სწავლობენ და სინჯავენ. ზამთარში თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ, თოვლში ხვრელებს თხრიან და ზამთრის სუსხიან და გრძელ ღამეებს იქ ატარებენ.
როჭო მტაცებლებისთვის ძნელი მოსახელთებელია, თუმცა მას საფრთხეს უქმნიან შინაგანი და გარეგანი პარაზიტები, რომლებიც ასუსტებენ. მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც მთლიანად საცხოვრებელი გარემოს ცვლილებაა:
გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელების შემცირების, ცვლილებისა და დანაწევრების, ასევე ბრაკონიერობისა და ადამიანების მხრიდან შეწუხების გამო კავკასიური როჭო გადაშენების საფრთხის წინაშეა და გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველებს მიეკუთვნება – შეტანილია როგორც საერთაშორისო წითელ ნუსხაში, ასევე ევროპაში საფრთხის ქვეშ მყოფ ფრინველთა ნუსხაში და მისი გავრცელების ყველა ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) წითელ წიგნებში.
საქართველოში როჭოს ადგილსამყოფელის მხოლოდ 3-4 %-ია მოქცეული დაცულ ტერიტორიებში.
