მაისის თაფლი

Honey

   მაისის თაფლი – მაისის თაფლიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან აჭარის სხვადასხვა ნაწილში. თუკი მაისში სხვაგან მხოლოდ აკაცია ყვავის, მაგალითად ქობულეთში ამას ციტრუსის ყვავილობაც ემთხვევა. აკაციის არომატს ციტრუსიც ემატება. და ასე ყველა სარტყელში სხვადასხვანაირად, სიმაღლის ცვლილების შესაბამისად.
შეშლილი თაფლი” – ბევრს საწამლავი ჰგონია, ზოგს ნარკოტიკული თრობის საშუალება. სინამდვილეში ეს “მათრობელა-მაწყენარა” თაფლია. ფუტკარი ბარტყების საჭმელად ყვავილების მტვერს უკანა ფეხებზე ილაგებს. ზოგი მცენარისგან ფუტკარი ყვავილის მტვერსაც იღებს და ნექტარსაც. მაგ. იელისგან, მტვერს საჭმელად თვითონაც მოიხმარს და ბარტყებსაც აჭმევს. მაგრამ თუ იელის რაოდენობა ძალიან დიდია, ასეთი თაფლის ქიმიური შემცველობა (ბუნებრივი ნევროტოქსინები) ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ქცევა არაადეკვატური ხდება, ადამიანი ეიფორიაშია და ზოგჯერ ჰალუცინაციებიც აქვს. თუმცა “შეშლილი თაფლი” მომწამვლელი არ არის. ბევრი სითხე და მარტივი კუჭის გამორეცხვები ადამიანს ჩვეულებრივ მდგომარეობას მალევე უბრუნებს. არც ისეთი მცენარეების რიცხვია დიდი, რომელთაც ამის გამოწვევა შეუძლიათ.

   ამ შხამიანი „მათრობელა“ თაფლის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში შეიტყვეს. ძველი ბერძენი სარდალი და მწერალი ქსენოფონტე ათენელი (Xenophon-of-Athens) მცირე აზიიდან, სპარსელებთან ბრძოლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნების შესახებ წერისას დეტალურად აღწერდა ამბავს, როცა კოლხიდაში, ტრაბზონთან ახლოს ადგილობრივი სკებიდან გასინჯულმა თაფლმა მისი ჯარისკაცების ავად გახდომა გამოიწვია.
„ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრი ფუტკრის სკა იდგა, ჯარისკაცები ფიჭის თაფლს ჭამდნენ და მალევე გონებას კარგავდნენ, ფეხზე ვეღარ ჩერდებოდნენ. ვინც ბევრი შეჭამა, საერთოდ არ იქცეოდა ნორმალურივით, გაგიჟებულები იყვნენ, რამდენიმე მეომარი რამის სიკვდილის პირას იყო. მაგრამ მეორე დღეს ეს ჯარისკაცები ზუსტად იმავე დროს მოვიდნენ გონს, რა დროსაც წინა დღეს ცუდად გახდნენ. მალე ფეხზეც წამოდგნენ, თუმცა თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს ბევრი წამალი დალიეს”, – ვკითხულობთ ქსენოფონტე ათენელის ჩანაწერებში.
თაფლის შხამიან თვისებებს ამ ადგილებში ყვავილოვან დიდი ოდენობით იელს (როდოდენდრონი) მიაწერდნენ, რომლის ნექტარშიც გლუკოზიდ ანდრომედოტოქსინი იქნა აღმოჩენილი.

  თუმცა ისტორიული წყაროების ცნობით, ბერძნებისგან განსხვავებით, არ გაუმართლათ რომაელ ჯარისკაცებს. ქსენოფონტე ათენელის აღწერილი ამბიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ რომაელი მხედართმთავარი გნეუს პომპეუს მაგნუსი შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მეფე მითრიდატე პონტოელს და მის არმიას მისდევდა. პონტოელის ჯარისკაცებმა თაფლით სავსე ჭურჭელი ისე დატოვეს, რომ რომაელ ჯარისკაცებს ადვილად ეპოვნათ. ასეც მოხდა, რომაელებმა “შხამიანი თაფლი” შეჭამეს, გონება აერიათ, დაიშალნენ და დასუსტდნენ. კოლხეთის მეფის არმია კი დაბრუნდა და 1 000 რომაელ მებრძოლს სულ მარტივად გაუმკლავდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმის მიმდებარე ტერიტორიებზე მეფუტკრეები მხოლოდ ცვილს იყენებდნენ. რადგან იცოდნენ რომ კონკრეტულ პერიოდებში თაფლის საკვებად მიღება თავბრუსხვევას, გულისრევას და სიმთვრალის მსგავს შეგრძნებებს იწვევდა.