რა არის ჯარა?

   ჯარა – ტრადიციული ქართული სკაა. “ფუტკრის მოშინაურების” ერთ-ერთი უძველესი და პირველყოფილი გზა. თანამედროვე, მარტივად მოსახმარი და სამართავი სკების გვერდით, მის პარალელურად აჭარაში “ჯარაც” განაგრძობს არსებობას. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ბუნებრივად არსებობს გარეული ფუტკრის დიდი პოპულაცია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეები იყენებენ.

   თუკი ფუტკრის მოშინაურებადე თაფლს ხის ფუღუროში დაბინავებული ფუტკრისგან მოიპოვებდნენ, მოგვიანებით მოსახლეობამ მათთვის მსგავსი ფუღუროების, ბინის გაკეთება უკვე თავად დაიწყო. გრძელი მორისგან, ან ხის ანაძრობი დიდი ქერქისგან სპეციალურ სკას ამზადებდნენ, რომელსაც ჯარას, ან გეჯას უწოდებდნენ. შემდეგ მას მტაცებლებისგან დაცულ ადგილას ათავსებდნენ, მთელი წლის განმავლობაში იქ შესახლებულ ფუტკრის ოჯახზე ზრუნავდნენ, იცავდნენ მტაცებლებისგან და ა.შ.

   გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. საქართველოშიც მეტწილად მეფუტკრეები უკვე გაცილებით თანამედროვე, მარტივ, მოხერხებულ მეთოდებს ირჩევენ თაფლის მისაღებად. თუმცა მერისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია. აქაური მკვიდრები “ფუტკრის მოშინაურების” რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ და იძლევიან იმის საშუალებას, რომ სურვილის შემთხვევაში დააკვირდე, ამგვარი მეფუტკრეობის სახით საკუთარი თვალით ნახო ველური ბუნებისა და ადამიანის ურთიერთსასარგებლო თანაარსებობის, თანაცხოვრების იდეალური მაგალითი:

   ჯარა ჩვეულებრივი, გამოთლილი ხის მორია, რომელშიც ფუტკრის ახალ ოჯახს შეასახლებენ ხოლმე. მას არც ხელოვნური ფიჭა სჭირდება, არც განსაკუთრებული ზრუნვა. მისგან თაფლს მხოლოდ ერთხელ იღებენ. 10-დან 15 ივნისამდე პერიოდში. რადგან ჯარა მწოლიარე სკაა, მის შიგნით ტემპერატურა 1-2 გრადუსით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ სკებში. ეს ფუტკრის განვითარებას და ოჯახის გამრავლებას აჩქარებს. როცა სხვა სკაში ფუტკრის ოჯახი შეიძლება ერთხელაც არ გაიყოს, ჯარაში შესახლებული ოჯახი ხან 2-3ჯერაც კი იყოფა 10-15 დღის განმავლობაში. ჯარა ბუნებრივი გამრავლების ხელშეწყობის იდეალური საშუალებაა. თანაც, იმ მეფუტკრისთვის, რომელსაც ჯარასთან ერთად, სხვა თანამედროვე სკებიც აქვს, ჯარა ერთგვარი ინდიკატორია. გამოცდილი მეფუტკრეები ამბობენ, რომ როგორც კი ჯარაში ოჯახი გამრავლდება, ზუსტად ერთ კვირაში სხხვა სკებში შესახლებული ფუტკრებიც გამრავლდებიან. ამიტომ ჯარა გაამაფრთხილებელი ნიშანია, თანაც უტყუარიო.

   თუმცა ჯარაში მეფუტკრეს ხელოვნური ფიჭა ვერ შეაქვს, ამიტომ ფუტკარი ფიჭას მთლიანად თვითონ აშენებს. ამასობაში რამდენიმე ათეულ კილოგრამ თაფლს ხარჯავს. ჯარას პროდუქტიულობაც მცირდება. თანაც იმის გამო, რომ ჯარას შიგნით მდგომარეობის “მონიტორინგი” ძალიან ძნელია, დაავადების გაჩენის შემთხვევაში, მისი დროულად შენიშვნა და ფუტკრის გადარჩენა შეუძლებელი ხდება. ვერც იმის შემჩნევაა ადვილი დედა ხომ არ მოუკვდა ოჯახს, ან ცრუ დედა ხომ არ გაჩნდა. ჯარაში ვერ ჩაიხედავ, ჩარჩოს ვერ ამოიღებ, ვერ გაჭრი, ასე მის ტემპერატურის რეჟიმს დაარღვევ და მეტ დაავადებასაც გაუხსნი გზას. ამიტომ ჯარას “მონიტორინგი” ძნელია, თუმცა ბუნებრივი გამრავლებისთვის ის მეფუტკრეებისთვის შეუცვლელი მეთოდია – ფუტკრის მოშინაურების ერთ-ერთი პირველი, უძველესი და ჯერაც ცოცხალი ტრადიცია.

მეფუტკრეობა აჭარაში

  აჭარაში მეფუტკრეობა მთავარი სამეურნეო საქმიანობა ნამდვილად არაა. მაგრამ თაფლის ქვეყნის გარეთ გატანის მსურველებმა იციან, რომ აჭარის წაბლის თაფლის გამორჩეული არომატი ბევრს გააკვირვებს. საქმე ისაა, რომ აჭარის წაბლის თაფლი საქართველოს სხვა რეგიონებისგანაც განსხვავდება. მთავარ როლს ამაში აჭარის ბიომრავალფეროვნება თამაშობს. ყოველ 30-40 კმ-ში ჰავა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ქობულეთში ხულოსა თუ ქედაში გაკეთებული წაბლის თაფლიც კი ერთმანეთისგან განსხვავდება. კლიმატური სარტყელის ცვლილებასთან ერთად, თაფლის არომატიც იცვლება: თუკი მაგალითად, ქობულეთში წაბლის ყვავილობა ერთ თვეში მთავრდება, ხულოში ის თითქმის ორ თვეს გრძელდება, ფუტკარი ჯერ ქვედა, დაბალ სარტყელში იწყებს ნექტრის შეგროვებას, შემდეგ ზემოთ ადის, ყოველ სარტყელში მას სხვადასხვა ყვავილის მტვერი აქვს და არომატიც კომბინირებული და გამორჩეულია.

hives