შველი – (ლათ. Capreolus)

გრძელ და წვრილფეხება შველს ტანიც მსუბუქი და მოხდენილი აქვს, კუდი კი პატარა და მოკლე. წელიწადის სხვადასხვა დროს მისი ბეწვის შეფერილობაც სხვადასხვაა. ივნისში საგაზაფხულო განგურის, ბეწვის ცვლის შემდეგ მოწითალო შეფერილობა აქვთ. ოქტომბრის ბოლოდან კი მთელი ზამთრის და გაზაფხულის განმავლობაში რუხი ბეწვი აქვთ. შვლის ნუკრებს სხეულზე ლამაზი, ღია ფერის ხალები აქვთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი თანდათან უქრებათ.
საქართველოში შველი ნაკრძალებშიც გვხვდება, დაცულ ტერიტორიებზეც და ბუნებაშიც. გადაშენების პირას არაა, მაგრამ არც ისე ბევრი დარჩა ბუნებაში. ყველაზე მეტი შველი კი მაინც აჭარაშია, სადაც შვლებს ნაკლებად ერჩიან, ამბობენ, რომ ის “მუჰამედმა დალოცა”.
ზოგადად შველი შუა და სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში გავრცელებული სახეობაა. შორეულ აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად მთი ტყეების ზონაში გვხვდება და არა ჭალის ტყეებში. ამ მხრივ გამონაკლისი კოლხეთის დაბლობია. შველს მეჩხერი ფოთლოვანი ან შერეული ტყეები და კარგად განვითარებული ქვეტყე მოსწონს საცხოვრებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შველიც ირმის ოჯახს მიეკუთვნება, ირმისგან განსხვავებით უფრო ადვილად ეგუება შეცვლილ საცხოვრებელ გარემოს. ქვეტყე ძალიანაც მოსწონს, იქ მას მტაცებლისგან თავის დაღწევა ადვილად გამოსდის, მაშინ როდესაც ირმისთვის ქვეტყეში მოძრაობა რთულია და მტაცებლებისგან თავის დაცვაც უჭირს. ქვეტყეში მისი რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება. ამიტომ, ირემი აჭარაში მე-20 საუკუნის დასაწყისშივე უკვე პრაქტიკულად აღარ იყო, მხოლოდ მშრალ და ნათელ ტყეებშიღა იყო ცოტა დარჩენილი.
საქართველოში შველის ორი ქვესახეობა – ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) და ციმბირული შველი (ლათ. Capreolus pygargus) გვხვდება.
ევროპული სახეობა საქართველოში თითქმის ყველგან არის, ოღონდ მთა და ძალიან მაღალი ადგილები არ უყვარს – ტყის ცხოველია და ჯავახეთისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გარდა, ყველგან ბინადრობს. რაც შეეხება ციმბირულ შველს, ისიც მსგავსი სახეობაა და ევროპულისგან მისი გარჩევა არც ისე ადვილია.
შვლები ძირითადად განმარტოებით ცხოვრობენ, უმეტესად 2-4 ინდივიდიან ჯგუფებს ქმნიან, ტყეში ერთად დადიან. რქები მხოლოდ მამრ შველს აქვს. ივლის-აგვისტოში მდედრი და მამრი წყვილად ცხოვრობს, ამ დროს ჯვარდებიან და შემდეგ ისევ შორდებიან. ნუკრებზე მდედრი ზრუნავს.
2012 წელს ჩატარებული აღრიცხვით, ქვეყანაში სულ 7000-მდე შველი იყო. შველზე ნადირობა მხოლოდ სამონადირეო მეურნეობაშია დაშვებული, სხვაგან აკრძალულია. მაგრამ შედარებისთვის, ევროპული ქვეყნების სამონადირეო მეურნეობაში საშუალოდ 50-60 ათასი შველია.
ადამიანის გარდა, საქართველოში შველისთვის ყველაზე საშიში მგელი და ფოცხვერია. იშვიათად დათვიც. თუ ზამთარი უხვთოვლიანია და საკვებიც ძალიან ცოტაა, ზოგჯერ შვლები სოფლებში შედიან და ადამიანის მსხვერპლი ხდებიან. იყენებენ შვლის ხორცს, ტყავს, რქებსა და ჩლიქებს.